ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის

ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. გზებსა და ელექტროსისტემაში არსებული სიტუაციით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რომელმაც ნოდარ ჯავახიშვილს მინისტრებისთვის ინფორმაციის გაცნობა სთხოვა.
როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, გარკვეულ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჭირდა გადაადგილება, ვინაიდან კონტრაქტორების მხრიდან 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა რთული აღმოჩნდა და იყო ტექნიკის პრობლემაც. "პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვამ და ძლიერმა ყინვებმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ სერიოზული შეფერხება გამოიწვიეს. იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან, იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები, მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში", - განაცხადა ჯავახიშვილმა. მისი ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთი ისედაც დაკეტილი იყო და ახლა მლეთადანაც დაიკეტა გზა, რასაც ჯერჯერობით არაფერი ეშველება. ჯავახიშვილი იმედოვნებს, რომ ზვავსაშიშროება მოიხსნება და გზის გახსნა შესაძლებელი გახდება. მისივე თქმით, სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მიმართულებით პრაქტიკულად სამივე გზა დაკეტილი იყო. ახლა გახსნილია ორი: ნინოწმინდა-სომხეთი და ახალქალაქი-კარწახი, მაგრამ ქარბუქის გამო სამუშაოები ვერ მიმდინარეობს ფარავანი-ნინოწმინდის მიმართულებით. "გარდა ამისა, ნაქერალაზე, ცაგერის მიმართულებით გვქონდა სერიოზული პრობლემები. სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად არ იწმინდებოდა გზა, მოგვიწევს, ალბათ, გარკვეული საჯარიმო სანქციების გამოყენება. დღეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჯვარი-ხაიშზე, გარდა იმისა, რომ ცოტა დაგვიანდა გაწმენდითი სამუშაოები, მერე ზვავები წამოვიდა და რამდენიმე ადგილას მანქანებიც კი იყო მოყოლილი. ახლა გაწმენდილია, მაგრამ დარჩა ვიწრო ადგილები, რომლებიც ბოლომდე ვერ გაიწმინდა და გარკვეულ ადგილებზე ერთი მიმართულებით გადის მანქანები, რასაც დარეგულირება სჭირდება. გოდერძის უღელტეხილი ჩაკეტილია და ეს ალბათ, თებერვლის ბოლომდე იქნება, თუმცა მაღალგამავლიანობის მანქანების გასვლა ბათუმის მხრიდან კურორტზე შესაძლებელია. კიდევ ერთხელ შეგვექმნა პრობლემები ჩხარაზე, იქ უკვე მეოთხედ წაიღო დროებითი გზა. გუშინ მქონდა სერიოზული საუბარი კონტრაქტორებთან, იქ იტალიელები მუშაობენ. 2 დღეში ალბათ ხიდი ისე გაკეთდება, რომ შემოვლითი გზა აღარ დაგვჭირდება. ასფალტი და ბეტონი არ იქნება, მაგრამ ხიდზე მანქანები გადავლენ და ეს პრობლემაც მოგვეხსნება. გუდაურში ძალიან მაღალი ყინვების გამო წყალმომარაგების პრობლემები იყო, მაგრამ იმავე დღეს მოიხსნა. ოპერატიული კონტროლი მიდის. სამწუხაროდ, მილები ჩაწყობილია ზედაპირულად და რომ არ გაიყინოს, წყალი მოშვებულია. ოპერატიული მართვით პრაქტიკულად არავის უწყლოდ არ ვტოვებთ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.