"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ისევ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" თავად ზალკალიანმა დაუდასტურა და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნების მიზეზები განმარტა.
"მინდა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუკი გადაწყდება ჩემი დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩემი არჩევანი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან ჯგუფის გადაწყვეტილება", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე განმარტებით, ის 2015 წლის თებერვლიდან აღარაა პოლიტიკური აქტიურობით დაკავებული და არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციის "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის" დირექტორი.
"ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი ვარ. ვფიქრობ, რომ გარკვეული ინსინუაციები, რამაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაიჟღერა, არ არის მართებული. მინდა განვაცხადო, რომ ჩემი გადაწყვეტილება 2015 წლის თებერვალში შექმნილი სიტუაციის ძალიან სერიოზულ ფიქრსა და ანალიზზე იყო დაფუძნებული", - განმარტა მან.
ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნება ბოლო პერიოდის ცვლილებებმა და თვისობრივად ახალმა გარემოებამ განაპირობა.
"რაც მთავარია რატომ მივიღე ეს შემოთავაზება - ვფიქრობ, რომ ეს დიდწლიდან განსაზღვრა ბოლო პერიოდის ცვლილებებმა და თვისობრივად ახალმა გარემოებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეიქმნა. მხედველობაში მაქვს ძალიან სერიოზული განცხადებები, რომელიც ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთეს და ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა. კერძოდ, ის, რომ საქართველომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი ასოციარების ხელშეკრულების დღის წესრიგის იმპლემენტაციას, ასევე ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება და ეს იყო ევროკავშირის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური გზავნილი, ასევე საქართველოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი, რომ ქვეყანა შეუქცევადად ადგას ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსს. გარდა ამისა, ნატო-სთან მიმართებაში უელსის სამიტის გადაწყვეტილებები. ის, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს არსებით პაკეტს, ის, რომ საქარათველოში გაიხსნა ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ასევე რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მე ეს საქმიანობა, რომელშიც 1992 წლიდან ვარ ჩართული, გულწფელად ძალიან მიყვარს და ამის გარდა მე ცხოვრებაში არაფერი მიკეთებია. 23 წელი კარიერულ დიპლომატიაში ვარ. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა ერთად, რაც ჩამოვთვალე, გადაწონა და მე გადავწყვიტე, რომ დიპლომატიურ სამსახურს დავუბრუნდე. ეს არის ის, რამაც ჩემი არჩევანი განაპირობა", - განაცხადა ზალკალიანმა.
კითხვაზე, როდის მოხდება მისი წარდგენა, ზალკალიანის თქმით, ეს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია.
"არ ვიცი პროცედურულად როგორ და რანაირად მოხდება. ეს უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰკითხოთ. ჩემგან თანხმობა მიღებულია", - განაცხადა ზალკალიანმა.