პარიზის კომისარიატს მამაკაცი დაესხა თავს, რომელიც „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით თავდმასხმელმა რამდენჯერმე გაისროლა კიდეც.
მედიის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი კომისარიატის შენობაში შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც მორიგე პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და მისი ლიკვიდირება მოახდინეს.
პოლიციელთა თქმით, მოკლული მამაკაცის სხეულზე ასაფეთქებელის მსგავსი საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს, რის გამოც ადგილზე გამნაღმველების გამოძახება გახდა საჭირო. მამაკაცის სხეულზე არსებული საეჭვო ნივთი სინამდვილეში ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი აღმოჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ვითარებაში უკეთ გასარკვევად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი გაემგზავრა.
შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ამ დროისთვის დაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ინციდენტამდე ერთი საათით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ცენტრალურ პრეფექტურაში იმყოფებოდა, სადაც გასული წლის 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ტერორიზმთან ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს.