გიორგი კვირიკაშვილის ლექსიკა იქნება უფრო რბილი, ვიდრე ღარიბაშვილის, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებზე ცვლილებებს არ ველოდები

გიორგი კვირიკაშვილის ლექსიკა იქნება უფრო რბილი, ვიდრე ღარიბაშვილის, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებზე ცვლილებებს არ ველოდები

გიორგი კვირიკაშვილის ლექსიკა იქნება უფრო რბილი, ვიდრე ღარიბაშვილის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის სტრატეგიულ საკითხებზე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის არჩევის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ნინო გოგუაძის თქმით, პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", ისევე როგორც მთელი კოალიცია, პარლამენტი და მთავრობა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება.

"თვითონ გიორგი კვირიკაშვილს პირადად მე და ჩემი პარტიაც ვაფასებთ დადებით, გაწონასწორებულ პიროვნებად, რომლისთვისაც უცხო სიძულვილის ენა და საზოგადოებაში სიძულვილის გაჩენის სურვილი უცხოა. ისეთ საოცარ განცხადებებს, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებისკენ მიმართულს, როგორც მის წინამორბედს სჩვეოდა, პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან არ ველოდებით, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პარტია, ისევე როგორც მთელი კოალიცია, პარლამენტი და მთავრობა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს არც მთავრობის მოქმედებაში და არც პარლამენტის მუშაობაში ჩვენ არ ველით. ეს არის არაკომპეტენტური მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და არც იმის უნარი აქვს, აღიაროს, რომ ქვეყანა კრიზისშია. ხოლო პარლამენტი გადაქცეულია ნოტარიუსის კანტორად, რომელიც თავის პირდაპირ კონსტიტუციურ ფუნქციას არ ასრულებს და მთავრობაზე ზედამხედველობას არ ახორციელებს", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისივე თქმით, "ინსტიტუტები ქვეყანაში როგორც არ მუშაობდა, ისევ არ იმუშავებს, ეს კი ნიშნავს, რომ თვისობრივად არაფერი შეიცვლება".