"ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისკენ"

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მიმდინარე ბოლო ორი დღის პროცესები, ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს.

დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ისევე როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს პარლამენტთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ. 

"ჩვენ, ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისკენ და საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, პროცესების მშვიდად და ნორმალურად წარმართვისკენ. ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები, ჩვენი ქვეყანა გვაქვს გასაძლიერებელი, ასაშენებელი. ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. ჩვენ არაერთი არჩევნები გველის წინ, არაერთი მთავრობა შეეჭიდება ამ პროცესს და მე ვისურვებ, ეს ორი დღე იყოს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ამ დიდ პროცესში. მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ პრემიერი და მისი გუნდი მუდმივად ხაზს უსვამდა პარლამენთან მჭიდრო ურთიერთობის მზაობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის შემდეგ, რომლის შედეგადაც დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადეს, შესაბამის აქტს მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება და ის დანიშნავს გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.