"მთავრობა ტურიზმის განვითარებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას გეგმავს"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წევრებს მთავრობის ერთიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა, მთავრობა დიდ ყურადღებას დაუთმობს ტურიზმის განვითარებას.

"მთავრობა ასევე დიდ ყურადღებას დაუთმობს სტრატეგიული სექტორების განვითარებას, მათ შორის ტურიზმს და სერვისის სექტორს. არც ერთი სხვა ინდუსტრია დროის მოკლე მანძილზე არ ქმნის იმდენ სამუშაო ადგილს, როგორც ტურიზმი. მსოფლიო ბანკის დახმარებით დაწერილი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემდეგ, მთავრობა საუკეთესო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიებს მოიწვევს და გამოიყენებს საუკეთესო გამოცდილებას, რათა ამ ინდუსტრიის განვითარება დროის მოკლე მონაკვეთში გახდეს შესაძლებელი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სახელმწიფო ფინანსური რესურსის დახარჯვასთან ერთად, მთავრობა ტურიზმის განვითარებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვასაც გეგმავს.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნშნა, რომ საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტურისტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს და ასევე, შექმნის დაფინანსების მექანიზნებს.