"ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარია ის, რომ მთავრობა უსმენს თავის თანამოქალქეებს"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიაკშვილის განცხადებით, 2012 წლიდან მისმა ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის ბევრი საჭირო და სასარგებლო პროგრამა განახორციელა.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლებამ დაამკვიდრა ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და მზად არის იმისთვის, რომ ამ გზას მომავალშიც მიჰყვეს.

"2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ დაიქირავა ჩვენი ხელისუფლება იმისათვის, რომ ვემსახუროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ბევრი რამ იმისათვის, რომ მოგვეხდინა დემონსტრირება, თუ როგორ შეიძლება მთავრობამ უსმინოს თავის მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ გადავჭერით ბევრი დაგროვილი პრობლემა, მივეცით ჯანმრთელობის დაცვის უფლება ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, მივეცით ჩვენს სოფლად მაცხოვრებლ თანამოქალაქეებს დაემუშავებინათ საკუთრებაში არსებული მიწა და საკუთარი ძალებით მოეპოვებინათ სარჩო-საბადებელი. მივეცით საშუალება ბავშვებს, ემგზავრათ სკოლამდე ტრანსპორტით დილით და არ გაყინულიყვნენ სიცივეში. ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მთავარია ის, რომ მთავრობა უსმენს თავის თანამოქალქეებს. დავამკვიდრეთ ახალი კულტურა ქართულ პოლიტიკაში და მზად ვართ იმისთვის, რომ ამ გზას მივყვეთ მომავალშიც", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის მთავარი პრიორიტეტი მომავალშიც იქნება ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება.

"ეკონომიკური განვითარების ეს პრიორიტეტი აისახება ყველა სახელმწიფო დოკუმენტში, სამოქმედო გეგმებში და ყველა სტრატეგიულ დარგში, რომელიც დარგობრივ ჭრილში დაიწერება, ამ ქვაკუთხედის ირგვლივ აიგება. ეკონომიკური განვითარებისათვის დავიწყეთ მეწარმეობის განვითარება საქართველოში. ჩვენ გადავდგით არაერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. პროგრამა "აწარმოე საქართველოსთვის", რომელიც ჩემი კოლეგის და მეგობრის ირაკლი ღარიაბაშვილის იდეა იყო. მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მას, რომ მქონდა საშუალება მასთან ერთად მემსახურა ხალხის სამსახურში. ამ პროგრამამ ბევრი რამე გააკეთა. დღეს 120-მდე ბენეფიციარი გვყავს მარტო ამ პროგრამის ფარგლებში. ამას გარდა, სოფლის მეურნეობის კუთხით მილიარდ ლარამდე ეფექტი გვაქვს მარტო სახლემწიფო პროგრამების ხარჯზე. ასეთი პროგრამები გარძელდება", - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.