გიორგი კვირიკაშვილი: ბატონ პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს

გიორგი კვირიკაშვილი: ბატონ პაატა ზაქარეიშვილს ძალიან კარგი იდეები აქვს

ბატონ პაატა ზაქარეიშვილს აქვს ძალიან კარგი იდეები და ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ ისინი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესის მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"მე არ შემიძლია არ აღვნიშნო შერიგების პროცესის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი მთავრობისთვის. ყველა სიკეთე, რომელიც შეიქმნება ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი თანამოძმეებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ძალიან ძლიერია ჩვენი მოწოდება, რომ მეტი დინამიზმი შევქმნათ ამ პროცესში. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ბატონ პაატა ზაქარეიშვილს აქვს ძალიან კარგი იდეები. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და განვიხილოთ ეს იდეები. უნდა ვთქვათ, რომ დრო გვაშორებს სანუკვარ მიზანს, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, დრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. დრო მოქმედებს მომავალი თაობების შერიგების წინააღმდეგ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ჩვენ, ხელისუფლებას გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ დავასრულოთ შერიგების პროცესი და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ გადავდგათ ასეთი თამამი ნაბიჯები. მინდა გთხოვოთ მანდატი იმისთვის, რომ მოგვეცეს საშუალება, ვემსახუროთ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.