დასავლეთთან პარტნიორობით საქართველო ყველაფრისგან დაცული არ არის, თუმცა კრემლის აგრესიის წინააღმდეგ დაცვის გარკვეული მექანიზმები აქვს, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან საუბარში განაცხადა.
ჰერბსტი საქართველოში დასავლეთის მიმართ გულგრილობის მომატებას თეთრი სახლის მიმდინარე პოლიტიკას უკავშირებს, თუმცა აცხადებს, რომ დასავლეთის ამჟამინდელ მხარდაჭერას უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. "დასავლეთთან პარტნიორობით საქართველო ყველაფრისგან დაცული არ არის, თუმცა კრემლის აგრესიის წინააღმდეგ დაცვის გარკვეული მექანიზმები აქვს. ორიენტაციის რუსეთისკენ აღებით ეს მექანიზმებიც მოიხსნება და საქართველოს გრანდიოზული კორუფციისა და ეკონომიკური უკუღმართობის პირობებში მოუწევს არსებობა", - აცხადებს ყოფილი დიპლომატი. ჰერბსტს მიაჩნია, რომ თუ საქართველოში საზოგადოება ამ არჩევანს მკაფიოდ ვერ ხედავს, ქვეყნის ევროპაში ინტეგრაცია გართულდება, რადგან "დასავლეთში ყოველთვის იქნებიან სუსტი პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ საქართველო რთული ქვეყანაა" და მის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რესურსს არ დახარჯავენ. ჰერბსტის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ქვეყნის აშენება სურს და "საბოლოო ჯამში, ეს არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს და არა ბრიუსელის ან ვაშინგტონის მომავალს".