რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის წევრმა ვასილი ლიხაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ხანია გამოხატავს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების მზაობას და პოლიტიკურ ნებას.
დსთ-ს კომიტეტის წევრი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, ოფიციალურ თბილისში შეიძლება რიგი პოლიტიკური კითხვები გააჩინოს.
„პუტინის ეს განცხადება მაქსიმალურად იქნება საქართველოს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ამ განცხადებით ძალიან კარგი საშინაო დავალება მისცა თბილისს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. ჩვენ დიდი ხანია გამოვხატავთ ქართულ მხარესთან ურთიერთობების გაღრმავების მზაობას და პოლიტიკურ ნებას. ისინი რიგ სერიოზულ საკითხებს აყენებენ, ყველაფერზე საუბარი არ მსურს ახლა, მაგრამ ბევრი მათგანი დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსთან“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაცილებით ღია, ნაყოფიერ და რაც ყველაზე მთავარია, საპასუხისმგებლო პოზიციაზე უნდა გადავიდეს.
„თუ თბილისი ამ გზით წავა, რუსეთი ნამდვილად გახდება საქართველოსთვის სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორი“, - აღნიშნა ლიხაჩევმა.
ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სავიზო რეჟიმის გაუქმება უახლოეს მომავალში არ მოხდება.
„ეს ახლო მომავალში არ იქნება, რადგან ეს წინადადება რიგი ტექნიკური და პოლიტიკური საკითხების შეჯახებასთან იქნება დაკავშირებული. ვთვლი, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სწორი ნაბიჯია. ჩვენ უნდა გავათანაბროთ საპოლიტიკო თემატიკა. სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი იმპულსებია საჭირო“, - განაცხადა სათათბიროს დეპუტატმა.