გიორგი კვერენჩხილაძე და კახა კოჟორიძე ვახტანგ ხმალაძეს შეხვდნენ

გიორგი კვერენჩხილაძე და კახა კოჟორიძე ვახტანგ ხმალაძეს შეხვდნენ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში მრჩეველი კახა კოჟორიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს შეხვდნენ.

როგორც კვერენჩხილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ვახტანგ ხმალაძეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის არსებითი შენიშვნები გააცნეს.

"როგორც ცნობილია, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება მომავალი წლის 20 თებერვალმდე გადაიდო. პარალელურ რეჟიმში საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იგივე საკითხთან მიმართებაში ცვლილებებზე, რაც პარლამენტში დღესაც განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში სჭირდება გაუმჯობესება - არის გარკვეული პრობლემური საკითხები. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მე და კახა კოჟორიძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ, თუმცა არ დაუსახელებია, კონკრეტულად რომელი საკითხები საჭიროებს დახვეწას.

დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს პარლამენტი ამ წუთებში მესამე მოსმენით კომიტეტის ფორმატში განიხილავს. საკანონმდებლო ორგანო მას დღესვე დაამტკიცებს.