პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის აზრით, "ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირობებში ქვეყანა სერიოზულ უკუსვლას განიცდის, მათ შორის სისტემური კორუფციის მხრივ".
ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც სისტემური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა განიხილეს.
"დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განვიხალვთ, რომელიც ქვეყანაში გამეფებული სისტემური კორუფციის ფაქტების გამოძიებას გულისხმობს. ჩინოვნიკების მხრიდან არ უნდა იყოს მოპარული და განიავებული თანხები, რესურსები, რომელიც ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ჩვენი ხელისუფლების დროს, მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა. შესაძლოა ხშირად ზედმეტად მკაცრი მეთოდებით, მაგრამ ჩვენ კორუფციის დამარცხება შევძელით და ქვეყანა ამ ჭაობიდან გამოვიყვანეთ. დღეს კი, სამწუხაროდ, ივანიშვილის მთავრობის პირობებში, ამ მიმართულებით, სერიოზული რეგრესი, უკუსვლა გვაქვს", - განაცხადა ბარამიძემ.