საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის განცხადებით, გემი სხვადასხვა ნავსადგურში იტვირთება და კაპიტანი არ არის ვალდებული ყველა ტვირთი დეტალურად შეამოწმოს.
მამუკა ახალაძე იმედოვნებს, რომ გამოძიება ქართველი კაპიტნის უდანაშულობას დაადგენს.
„მშრალტვირთმზიდის ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ. საქართველოს მოქალაქის გარდა, დაკავებულებს შორის არიან თურქეთის და უკრაინის მოქალაქეებიც. კაპიტანს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა გემზე არსებულ ტვირთთან დაკავშირებით. ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ თურქეთში დამსაქმებელ კომპანიასთან დაკავშირებას. ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ სწორედ ეს კომპანია უნდა იყოს საქმის კურსში, იმის თაობაზე, თუ რა ტვირთი ინახებოდა გემზე“, - აცხადებს ახალაძე.
მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „Carib Palm“, რომელიც კოლუმბიის პორტიდან პოლონეთისკენ მიცურავდა, საფრანგეთის პოლიციამ საპორტო ქალაქ ბულონ-სიუ-მერში დააკავა. გემიდან სამართალდამცველებმა 2,4 ტონა კოკაინი ამოიღო.