პრემიერ-მინისტრი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის, 2015 წელს კი მთავრობამ უფრო გაახანგრძლივა საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი.

"გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები.

გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.  მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს.   

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მზადაა გააგრძელოს არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ანალოგიურ მიდგომას ელის.

"უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება.

ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.