ირაკლი ალასანია:  ზიზღის და ტალახის სროლა დაიწყო, გააქტიურდება და პიკს მიაღწევს

ირაკლი ალასანია: ზიზღის და ტალახის სროლა დაიწყო, გააქტიურდება და პიკს მიაღწევს

ზიზღის და ტალახის სროლა დაიწყო, გააქტიურდება და პიკს მიაღწევს რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, მაგრამ "თავისუფალი დემოკრატების" ადგილი ამ ამბავში არ იქნება , - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, 2016 წელი არის ზიზღის, დაპირისპირების და ერთმანეთისადმი ტალახის სროლის და ამაში "თავისუფალი დემოკრატები" არ ჩაერევიან.

"მინდა ყველამ კარგად იცოდეთ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ამოცანა გვაქვს საზოგადოებასთან დისკუსიის გზით დავუდასტუროთ მას, რომ ჩვენ უკეთესად შეგვიძლია მათი პრობლემების მოგვარება. ზიზღის და ტალახის სროლა დაიწყო, გააქტიურდება და პიკს მიაღწევს რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, მაგრამ ჩვენი ადგილი ამ ამბავში არ იქნება. ჩვენ ვიქნებით პროფესიონალები, საქმიანები და ჩვენ გამოვალთ შეთავაზებებით არა მხოლოდ პრობლემების ჩამონათვლით და სწორედ ამაშია ჩვენი ძალა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, პარტიის არა მხოლოდ ლიდერებს, არამედ სხვა წევრებსაც მოსახლეობაში გასვლა და მათი პრობლემების მოსმენა მოუწევთ.

"უნდა გვქონდეს ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა. სხვანაირად ნდობას ვერ მოვიპოვებთ. ვერ აღდგება ნდობა პოლიტიკისადმი და ზოგადად სახელმწიფოსა და ხელისუფლებისადმი. იმდენად გატეხილია ეს ხიდი და იმდენად დაამძიმა კიდევ უფრო ეს ვითარება არაკომპეტენტურმა ივანიშვილის კოალიციამ", - აღნიშნა ალასანიამ.