იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კამათის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შეხვედრიდან იუწყება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე დაუპირისპირდა.
უფრო კონკრეტულად, ნანა კაკაბაძემ ლევან მურუსიძე სულხან მოლაშვილის საქმზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის დროს, მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებული გარემოება არ გაითვალისწინა.
თავად მურუსიძის თქმით კი, საქმე თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხებოდა და მასში წამების ფაქტი ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.
"შესაბამისად მოსამართლეს არ ჰქონდა არანაირი უფლება რაიმე გადაწყვეტილება მიეღო მისი წამების შესახებ", - განაცხადა შეხვედრაზე მურუსიძემ, რომლის პოზიციაც საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებმაც გაიზიარეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ.