საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი, შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ-ერთი საუბრის მომსწრე თავადაცაა.
როგორც ჟურნალისტებს ვანო მაჭავარიანმა განუცხადა, შეწყალების კომიიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი რასაც საუბრობს, მას ამის საფუძველი აქვს.
"ჩემთვის ეს უცნობი არ არის. პრეზიდენტთან მუშაობის დროს მე მსმენია იმ პირების გადაჭარბებული აქტივობის შესახებ, რომლებიც დღეს თავის მართლების რეჟიმში არიან. ეს იყო საკმაოდ შემაწუხებელი და მე ვფიქრობ, ბატონი ელისაშვილი რასაც საუბრობს, ამის რეალური საფუძველი აქვს. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ მომსწრე იმ საუბრისა, როდესაც ეს იყო შემაწუხებელი და ზედმეტად მიჩნეული ადმინისტრაციაში. პრეზიდენტი ჩემი მეგობარია და გვისაუბრია იმაზე, რომ ცოტა ზედმეტ ეჭვებს იწვევდა თუ რას ემსახურებოდა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, ეს ზედმეტი აქტივობა", - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც, ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბერს, კიდევ ერთხელ დაკითხეს. მან გამოძიებას ის ტელეფონი მიუტანა, რომელზეც მისი მტკიცებით, შეწყალების კორუფციულ სქემაში მონაწილე მაღალჩინოსნები, შეტყობინებებს უგზავნიდნენ. თუმცა, პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის ტელეფონში, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, მაღალჩოსნების მიერ გამოგზავნილი მუქარის შემცველი შეტყობინებები არ აღმოჩნდა.