პროკურატურას ნელ-ნელა გამოვუზოგავ მტკიცებულებებს და სხვა რაღაცებით გავხლართავ

პროკურატურას ნელ-ნელა გამოვუზოგავ მტკიცებულებებს და სხვა რაღაცებით გავხლართავ

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურას ე.წ. შეწყალების საქმეზე მტკიცებულებებს "ნელ-ნელა გამოუზოგავს".

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მესიჯები, რომელზეც პროკურატურამ გუშინ განცხადება გააკეთა, აღნიშნულ საქმეში გადამწყვეტი არ არის.

"ნელ-ნელა მინდა გამოვუზოგო პროკურატურას რაღაცები. ვიცი რასაც აპირებს, თუმცა სხვა რაღაცებით გავხლართავ პროკურატურას, რომლისგანაც საქმის ჩაფარცხვის მცდელობას აქვს ადგილი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე დაადასტურა ის, რომ მისი ტელეფონის "ინბოქსში" მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი მესიჯები არ იყო, თუმცა მისი მტკიცებით, შეტყობინებები მობილურის მკარ დისკზე ინახება.

"საინტერესოა, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო? ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის "ინბოქსში" მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება. იმიტომ დავტოვე ჩემი ტელეფონი, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო? მე მაინტერესებს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და არა ვიღაც გაცისკროვნებული ყმაწვილის განცხადება", - აღნიშნა შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ.