პაატა ბურჭულაძე საქართველოს განვითარების ფონდის პარტიად გადაქცევას არ გამორიცხავს თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ის მხოლოდ ფონდია.
როგორც საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ პარტიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, ფონდთან ერთად განიხილოს ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანაშია.
"ეს არის ფონდი, რომელიც იმ ღირებულებებს წარმოადგენს, რაც გვაქვს. თუ გადაიქცევა ის პარტიად, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით - შესაძლებელია, თუმცა დღეს ეს არის ფონდი. ჩვენი ფონდი ყველასთვის ღია იქნება, ვთხოვთ მობრძანდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ერთად განვიხილოთ ის პრობლემები, რაც არის საქართველოში. რადგან ეს არის ფონდი, ჩვენ არ გვინდა არც კონტაქტი და არც კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან. ვინც მობრძანდება, ჩვენი ფონდის კარი ყველასთვის ღიაა. მე არ შემიძლია გითხრათ ისეთი რამ, რაც არ არის", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფონდთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"მე არ მითქვამს, რომ კონსულტაცია მქონდა ივანიშვილთან, მასთან მე კონტაქტი მქონდა", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.