თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმას არ მომცემს, ვაპირებ ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, სასამართლო სისტემის მიღმა დარჩენის არ ეშინია, რადგან გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი სამსახურის შოვნა არ გაუჭირდება, თუმცა ზეწოლა, რომელიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბჭოზე ხორციელდება, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის საზიანოა.
"კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრიტიკა ისმის, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან. ჩემი კრიტიკა გახდა პოპულარული და თუ საბჭო ხმას არ მომცემს, ვაპირებ ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო", - აღნიშნა მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი "აღმაშფოთებელსა" და "ცილისმწამებლურს" უწოდებს განცხადებებს, რომელიც კონკრეტულად მისი, ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს მიმართ კეთდება.