ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ბიუროზე კამათი მოჰყვა

ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ბიუროზე კამათი მოჰყვა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების თაობაზე ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის საკითხი დადგა, თუმცა, კამათის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის დღის წესრიგში დარჩა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა ოთხჯერ დაინიშნა, მაგრამ მომხსენებელი არ გამოცხადდა. შესაბამისად, კახიანმა ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა არამიზანშეწონილად მიიჩნია.

"რამე საწინააღმდეგო არ მაქვს, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. სხდომა ოთხჯერ დავნიშნე და მომხსენებელი არ მოდის. კი ბატონო, კომიტეტის სხდომას მეხუთეჯერ დავნიშნავ, არც ეგ არის პრობლემა, მაგრამ რაღაც სტანდარტებსა და პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ", - განაცხადა კახიანმა ბიუროს სხდომაზე.

აღნიშნულ საკითხს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, გიორგი კახიანის შენიშვნა სავსებით ლოგიკურია და ეს მთავრობის მიერ შემოტანილ რამდენიმე ინიციატივასაც ეხება.

ზურაბ ჯაფარიძემ ბიუროს განხილვის ვადის გადაწევა 25 დეკემბრამდე სთხოვა. საბოლოოდ, კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებმა ვადის გაგრძელების საკითხს მხარი დაუჭირეს.