ლევან მურუსიძე:  სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა

ლევან მურუსიძე: სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა

სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია საეჭვოდ გაერთიანდა, - ამის შესახებ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურისიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, არსებული ვითარება ხელს არ შეუწყობს იმას, რაც ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაკეთდა.

"როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან საეჭვო გაერთიანება მოხდა სასამართლოს წინააღმდეგ - ყველა დაირაზმა. ისინი საუბრობენ, რომ კონკრეტულ მოსამართლეს განხილული აქვს კონკრეტული საქმეები და მათ არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და საბჭოს მხრიდან მათი არჩევა არ უნდა მოხდეს. ეს არის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი და ხელს არ შეუწყობს იმას, რაც გაკეთდა ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს კონკურსი და საბჭოს მიეცეს საშუალება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააკეთოს თავისი არჩევანი. ეს უნდა იყოს საბჭოს წევრების შინაგანი რწმენით და არ უნდა მოახდინოს გავლენა არც ხელისუფლებამ, არც ოპოზიციამ და არც არასამთავრობო სექტორმა", - განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, "აღმაშფოთებელია ის ცილისმწამებლური განცხადებები", რომელიც მისი, როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოს მიმართ კეთდება.

"მთელი პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ მე პრობლემა არ მაქვს, ზოგადად, სასამართლოში სისტემაში დავრჩები თუ არ დავრჩები. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება. ჩემთვის აღმაშფოთებელია ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც კეთდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს მიმართ. ეს ხდება როგორც ხელისუფლებისგან, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციისგან. ისინი მიუთითებენ, რომ კონკრეტული კანდიდატი არ უნდა დაინიშნოს სასამართლოში. ეს არის აღმაშფოთებელი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ახლა მოხდება ზეგავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, ხელისუფლებას, ოპოზიციას თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მომავალშიც შეეძლება იგივე", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, ბრძოლა მიმდინარეობს არა უშუალოდ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, არამედ ზეწოლა მთლიანად სასამართლოზე ხორციელდება.

"კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრიტიკა ისმის, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან. ჩემი კრიტიკა გახდა პოპულარული და თუ საბჭო ხმას არ მომცემს, ვაპირებ ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო", - აღნიშნა მურუსიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 20 დეკემბერს გაიმართება მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც მოსამართლეები ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავენ.