BitFury-ს საქართველოში შემოსვლა დასტურია იმის, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია

BitFury-ს საქართველოში შემოსვლა დასტურია იმის, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია

კომპანია BitFury-მ გლდანში, თბილისის თავისუფალ ზონაში 40 მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის BitFury-ი, ინვესტიციებით შემოვიდა საქართველოში.

მისივე თქმით, კომპანიამ თანაინვესტირების ფონდის თანადგომით 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

"ეს არის საქართველოში გორის შემდეგ BitFury-ს უკვე მეორე პროექტი. ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულია. ეს ჩვენთვის იმედისმომცემია. ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ინვესტიციების წახალისება და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარება ქმნის ქვეყნისთვის დამატებით სარგებელს.

"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იქნება დამატებითი სტიმულის მიმცემი სხვა კომპანიებისთვის, რომლებსაც ასევე შეუძლიათ განახორციელონ ინვესტიციები", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელობას და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.