რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" მთავრობის იმ დადგენილების პროექტზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განკარგულებით მოამზადა.
გამოცემის თანახმად, სამშენებლო და ტურისტული სფეროების გარდა, სანქციები შესაძლოა, სასტუმრო ბიზნესს, ხის დამუშავებას, მფრინავების მომზადებას, ასევე სახელმწიფო დაკვეთებს შეეხოს.
"კომერსანტის" ცნობით, რუსეთის იურიდიულ პირებს აეკრძალებათ თურქეთის პროფილურ კომპანიებთან კონტრაქტების დადება.
ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა ეფ-16-მა რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო, რომელიც, თურქული მხარის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში სირიის მხრიდან შეიჭრა.
28 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამკაცრების შესახებ მიიღო განკარგულება.