ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, მას ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების ან ამნისტირებულთა სიაში ჩასასმელად არავისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. ასე უპასუხა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მან ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შესაწყალებლად დეპუტატებს - ეკა ბესელიას ან მანანა კობახიძეს 200 000 ლარი გადაუხადა.
"ძნელია იპოვო შავი კატა ბნელ ოთახში, მით უმეტეს, თუ კატა იქ არ არის. ეს არის სისულელე, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციაა. არავისთვის არავითარი თანხა არ გადამიხდია. ეს არის აგორებული ჭორები", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ბრალდებული ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდებებსაც პასუხობს და მოუწოდებს, კონკრეტული დოკუმენტებით ისაუბროს. "თუ შეუძლია რაიმე დოკუმენტი დადოს, ან ჩანაწერი, რომ მე ვინმეს ფული შევთავაზე, ან მივეცი, კი ბატონო მივიღებ და პასუხს გავცემ, მაგრამ ასეთი ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება პოლიტპატიმართა სიაში ჩასმას, როცა ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებას ართმევენ, იმ ქვეყანაში ადამიანები ითვლებიან პოლიტიკურ პატიმრებად, ეს არ არის გასაკვირი, ჩვენ თუკი გვქონდა სურვილი, როდესმე პოლიტპატიმართა სიაში მოვხვედრილიყავით. სამწუხაროდ, ვერ მოვხვდით, მაგრამ არა რაიმე თანხის სამაცვლოდ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ბრალდებები, რომლებზეც შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საუბრობს, დეპუტატებს, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ეხებათ. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ დეპუტატებს, ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებულების შეწყალების სიაში მოხვედრის სანაცვლოდ 200 000 ლარი შესთავაზეს.