კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა, თუმცა, მათი შინაარსი არ ვიცი

კახა კოჟორიძე - პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა, თუმცა, მათი შინაარსი არ ვიცი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მესიჯები წააკითხა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
"იმ პერიოდში, რა პერიოდზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს, მე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ვმუშაობდი და შესაბამისად, მე ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა ალეკოს გაკეთებული განცხადების შემდეგ მე დავინტერესდი ამ თემით და ვკითხე პრეზიდენტს, მსგავსი სახის შეხვედრა მართლა შედგა თუ არა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ალეკო ამ კუთხით მართალს ამბობს. მართალს ამბობს იმ კუთხითაც, რომ პრეზიდენტს ნამდვილად წააკითხა მესიჯები", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, პირადად მან აღნიშნული მესიჯების შინაარსი არ იცის.
"დიახ პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მას ალეკო ელისაშვილმა ნამდვილად წააკითხა მესიჯები, თუმცა მე არ ვიცი, ამ მესიჯების შინაარსი. მართალია ალეკო იმ შემთხვევაშიც, როცა ამბობს, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსაც. მე ვიცი არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილისგან, არამედ პრეზიდენტისგან", - განაცხადა კოჟორიძემ.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა გუშინ, ამავე ეთერის მეშვეობით პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. ასევე გუშინ პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. მისივე თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში. 
კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში ეს-ემ-ესები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან. "ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების ეს-ემ-ესები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი ეს-ემ-ესები", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.