კახა კოჟორიძე - საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას გააგრძელებს

კახა კოჟორიძე - საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას გააგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების საკითხებში ქვეყნის პირველი პირის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა, რითაც ე.წ. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ამასთან, კოჟორიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურის მხრიდან რამდენიმე განცხადებაა შესული, რომელშიც უწყება შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ითხოვს. პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია პროკურატურას შემჭიდროვებულ ვადებში მიეწოდება.
"საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოების გამართულად ფუნქციონირების გარანტი, თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როცა ამის საჭიროება არსებობდა და ამ თანამშრომლობას აგრძელებს დღესაც. მინდა გითხრათ, რომ პროკურატურიდან უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულია რამდენიმე განცხადება, სადაც უწყება ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას შეწყალების საკითხებთან მიმართებაში. ცხადია, ადმინისტრაციის მხრიდან ეს ინფორმაცია პროკურატურას შემჭიდროვებულ ვადებში მიეწოდება. ასე რომ, პროკურატურასთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი ყოველთვის თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მთავარ პროკურატურაში დღეს არ გამორიცხეს, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს.