ზვიად ქორიძე:  საიდან იცის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მე რა ჩვენება მივეცი

ზვიად ქორიძე: საიდან იცის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მე რა ჩვენება მივეცი

გამოძიების ინტერესი უნდა იყოს, დაადგინოს, საიდან იცის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა მე რა ჩვენება მივეცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განუცხადა, რომელიც მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის, მირიან ნიკოლაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ქორიძე იმედს იტოვებს, რომ პროკურატურას ე.წ. შეწყალების საქმის ბოლომდე მიყვანისთვის, ერთის მხრივ, ნება, მეორეს მხრივ კი, სათანადო პროფესიონალიზმი აქვს.

"მე ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს, ერთის მხრივ, ნება და, მეორეს მხრივ, მაღალი პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანოს წარმატებულ დასასრულამდე, რაშიც ვგულისხმობ საქმის პირუთვნელ გამოძიებას, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული ინფორმაცია ჟონავს გამოძიების პროცესიდან. ძალიან საინტერესოა, საიდან იცის ვინმემ, მათ შორის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა ან ამ საქმით დაინტერესებულმა რომელიმე სხვა პირმა, ვინ რა ჩვენება მისცა, მათ შორის, რა ჩვენება მივეცი მე და მით უმეტეს ის, რომ ჩვენება, რომელიც მე მივეცი, არის ცრუ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ,

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ე.წ. შეწყალების საქმის გამოძიება, ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარ აუცილებელ ამოცანას წარმოადგენს.

"ძალიან მნიშვნელოვანია თავისი პოზიცია ღიად დააფიქსიროს ადვოკატთა ასოციაციამ. მიმაჩნია, რომ მან კიდევ ერთხელ უნდა მოუწოდოს პროცესში ჩართულ ყველა ადვოკატს, მაქსიმალურად გამოიჩინონ საადვოკატო ეთიკა და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებიც იქნება ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი.

საქართველოს მთავარი პროკურორის წინაშე დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ის უნდა იყოს გამოძიებული ბოლმდე. ეს არის აუცილებელი ამოცანა ქართული სახელმწიფოს წინაშე", - აღნიშნა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.