საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, კახა კოჟორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როცა ამის საჭიროება არსებობდა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურიდან შევიდა ე.წ. შეწყალების კომისიის საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე განცხადება, სადაც პროკურატურა ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას.
„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოების გამართულად ფუნქციონირების გარანტი, თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როცა ამის საჭიროება არსებობდა, ამ თანამშრომლობას აგრძელებს დღესაც. შემოსულია პროკურატურიდან უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება, სადაც პროკურატურა ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით და ცხადია, შემჭიდროვებულ ვადებში, ადმინისტრაციის მხრიდან ეს ინფორმაცია პროკურატურას მიეწოდება. თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც და ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი ამ თანამშრომლობისთვის ყოველთვის იყო და იქნება მზად“, - განაცხადა კოჟორიძემ.