ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრნენ

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერების მხრიდან გახდა ცნობილი, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება.

"ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული პროექტით განსაზღვრული საზღვრების გადახედვას და კორექტირებას გეგმავს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მეორე მოსმენით პარლამენტში გატანა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება.