ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს , შეხვედრაზე ქართულ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე.

ჯაფარიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება გააკეთა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპრებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხზე.

"ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს, რომ საქართველო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით რეგიონის ქვეყნებისთვის სამაგალითოა, რისი დასტურიცაა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრად არჩევა. მოკავშირეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.