ნათია სუხიაშვილი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილსა და გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრა შედგა, რომელსაც ორგანიზება თავად გაუკეთა

ნათია სუხიაშვილი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილსა და გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრა შედგა, რომელსაც ორგანიზება თავად გაუკეთა

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილსა და მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრა შედგა, რომელსაც ორგანიზება თავად გაუკეთა.

ამის შესახებ სუხიაშვილმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა და განმარტა, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე მისი დაკითხვა სწორედ აღნიშნულ შეხვედრას უკავშირდებოდა.

სუხიაშვილის განმარტებით, ალეკო ელისაშვილმა მას გიორგი გოგაძესთან შეხვედრის ორგანიზება "პირად საკითხზე" დახმარების მიზეზით სთხოვა, რომელიც მისი ერთ-ერთი ახლობლისთვის წართმეული თანხის დაბრუნებას უკავშირდებოდა.

"როგორც იცით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დავიკითხე მოწმის სახით. მოვყევი ის, რაც იყო რეალურად - რომ ალეკო ელისაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა შემეხვედრებინა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან, რომელთანაც ჰქონდა თხოვნა პირად საკითხზე. ის აპირებდა გოგაძისთვის ეთხოვა, რომ პროკურატურა მის ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც იყო დაზარალებული, თანხის დაბრუნებაში დახმარებოდა. მე რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი ჩავაყენე საქმის კურსში და მისი თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას.

პირადად მე დავუშვი ალეკო ელისაშვილზე ელექტრონული საშვი, დავხვდი პირველ სართულზე, ის იყო მარტო. ავიყვანე გიორგი გოგაძეს კაბინეტში, სადაც დაგვხვდნენ ბატონი გიორგი, ვაკე საბურთალოს რაიონული პროურორი ნიკოლოზ სანიკიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.