რასაც ვიტალი ზახარჩენკო ან იანუკოვიჩის გუნდის წევრები აცხადებენ, აზრი არა აქვს

რასაც ვიტალი ზახარჩენკო ან იანუკოვიჩის გუნდის წევრები აცხადებენ, აზრი არა აქვს

უკრაინელი პოლიტოლოგი, კიევო-მოგილიოვსკის აკადემიის პროფესორი ალექსეი გარანის განცხადებით, ნაკლებად უნდა ვუსმინოთ იმას, რასაც რუსული მედია უკრაინასა და საქართველოზე საუბრობს.

ამის შესახებ ალექსეი გარანმა "ინტერპრესნიუსს" უკრაინის შს ყოფილი მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, უკრაინის შს მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს "ბორისპოლის" აეროპორტიდან 4 მილიონი აშშ დოლარი გაჰქონდა.

"ვფიქრობ, ჩვენ ნაკლებად უნდა ვუსმინოთ რუსულ ტელევიზიებს, ვინაიდან ის რასაც ზახარჩენკო, ან იანუკოვიჩის გუნდის სხვა წევრები აცხადებენ, რომლებსაც რუსული ეფ-ეს-ბე აკონტროლებს, აზრი არა აქვს", - აცხადებს ალექსეი გარანი, რომლის განმარტებითაც რუსეთს შეფარებული უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები უკრაინის ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, როცა იგი საზღვარგარეთ სასტუმროში ხვდება ადრე რუსულ არხებს უსმენდა, მაგრამ ისინი უკრაინაზე იმდენად არასწორ ინფორმაციას აწვდიან მსმენელს, რომ კარგა ხანია მათ აღარ უსმენს.

"რუსული არხების ყურება ჩვენთვის უკრაინისა და საქართველოს მოქალქეებისთვის თუნდაც იმის გამო არ შეიძლება, რომ ისინი ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს, ინფორმაციას აშკარად დამახინჯებულად გვაწვდიან", - აცხადებს უკრაინელი პოლიტოლოგი.

რაც შეეხება უკრაინის შს ყოფილი მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ის ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეკა ზღულაძე "ბორისპოლის" აეროპორტში 4 მილიონი დოლარის გატანის მცდელობისას დააკავეს.

"ორი კვირის წინ უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე საფრანგეთში ქმართან მიემგზავრებოდა, რადგან ფეხმძიმედ არის და ორ თვეში უნდა იმშობიაროს. ბორისპოლში საბაჟოზე ის დააკავეს ფულით სავსე ჩემოდნით, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, 4 მილიონი აშშ დოლარი იყო. შესაბამისი ორგანოების კითხვაზე, მადამ ზღულაძემ ღიმილით უპასუხა, რომ ეს მისი პირადი ნივთებია, ფული კი პარიზში სამედიცინო პროცესის ორგანიზებისთვის სჭირდებოდა", - წერს ზახარჩენკო.

მისი თქმით, ზღულაძემ ბორისპოლში 4 საათი გაატარა, რა დროსაც თავის ხელმძღვანელს, მინისტრ არსენი ავაკოვს ურეკავდა, რომელმაც ყოფილი მინისტრის თქმით, თავისი გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ ეკა ზღულაძე "ლაჟვარდოვან სანაპიროზე გაეცილებინა".

ზახარჩენკო წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვასილი გრიცაკს მოახსენეს, რომ 10 (სხვა მონაცემებით 14) მილიონი დოლარი ეკა ზღულაძესა და ავაკოვს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირებისთვის გადასცეს, მაგრამ, მისი თქმით, შსს-ს ხელმძღვანელობამ ნაცვლად იმისა, რომ თანხა დანიშნულებისამებრ გამოეყენებინათ, მიითვისეს.