სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტული დაჯგუფებების რიგებში რუსეთის 3 000-მდე მოქალაქე იბრძვის

სირიასა და ერაყში მოქმედ ტერორისტული დაჯგუფებების რიგებში რუსეთის 3 000-მდე მოქალაქე იბრძვის

სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების რიგებში რუსეთის 3 000-მდე მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ფედერალური სამსახურის ცნობით, აქედან 198 მოქალაქე საზღვარგარეთ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, 214 კი რუსეთში დაბრუნდა. ბორტნიკოვის ინფორმაციით, ყველა მათგანი კონტროლზეა აყვანილი. რუსეთში დაბრუნებული 80 მოქალაქე სასჯელს იხდის, 41 კი დაპატიმრებულია.

ბორტნიკოვის ინფორმაციით, რუსულმა სპეცსამსახურებმა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე რუსეთის 100-მდე მოქალაქის გამგზავრების ფაქტი აღკვეთეს.

რუსეთის საზღვრებს გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით, რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე 1 000-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ აღძრეს.

გარდა ამისა, 1600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს "ისლამური სახელმწიფოსთვის" მატერიალური დახმარების გაწევის გამო ამოწმებენ.

სექტემბერში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში რუსეთის 2 400 მოქალაქე გაწევრიანდა.