9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება. 3-დან 6 წლამდე ავტომობილებზე კი, შეღავათიანი დაბეგვრა ამოქმედდება.
მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით, ასევე, შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული აღნიშნული პროეტი უკვე საკანონმდებლო ორგანოშია განსახილველად. "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მთავრობა ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისებისა და ქვეყნის ავტოპარკის გადახალისების გზად განიხილავს.
ავტომობილებზე აქციზის გაზრდას დადებითად აფასებენ. მათი განმარტებით, ცვლილება აუცილებელია ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
“მომხრე ვარ ამ ცვლილების, ოღონდ, ეს არ უნდა იყოს ხისტად მიღებული გადაწყვეტილება. კანონის მიღებიდან ერთ თვეში რეგულაციები არ უნდა შევიდეს ძალაში. გარკვეული სახის პერიოდი უნდა იყოს, რომ მოსახლეობასაც და ეკონომიკასაც ახალ რეგულაციებზე გადაწყობის შესაძლებლობა მიეცეს. ხელისფლება, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულებულიც არის გარკვეული სახის რეგულაციები დააწესოს. ინიცირებული კანონპროეტის მიღება დადებითად იმოქმედებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. თუმცა, ცვლილება საგარეო სავაჭრო ბალანსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ნეგატიურად აისახოს”, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.
თავის მხრივ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წევრმა ვახტანგ ჭარაიამ კი აღნიშნა, რომ ყველა სფეროში უნდა იყოს სტანდარტები დაცული.
“საქართველოში მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე მოსახლეობას შეიძლება ჭირდებოდეს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებები, თუმცა ქვეყანაში უნდა იყოს დაცული სტანდარტები, ეს ეხება ყველა სფეროს. როდესაც ავტომანქანებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი,
მოსახხლეობას უფრო ძვირადღიეებული, მაგრამ უფრო ხარისხიანი ავტომანქანის შეძენა მოუწევს და საქართველო აღარ იქნება მეორადი მანქანების ქვეყანა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისითაც პოზიტიური იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
აღნიშნულ ცვლილებებს აუცლებელს უწოდებს ეკონომიკური განათლების და სტრატეგიული კვლევის ცენტრის თავმჯდომარე ქეთი კრიალაშვილიც.
“თანამედროვე ტენდენციები, გარემოს დაცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა, ასოცირების ხელშეკრულება და ჩვენი მისწრაფებები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით - ეს ყველაფერი სტანდარტების გაუმჯობესებას მოითხოვს. ეს ცვლილება აუცილებელია იმისათვის რომ გავზარდოთ ცხოვრების დონე. ავტომანქანებზე აქციზის გაზრდა მოსახლეობას შეუქმნის სტიმულს, რომ უფრო ახალი ავტომობილი შეიძინოს. არ უნდა შევაფერხოთ განვითარების პროცესები იმისათვის, რომ რაღაცისთვის შეიძლება არ ვიყოთ მზად”, - აღნიშნა კრიალაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი “დოქტრინის” ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ცვლილება საქართველოში ავტოპარკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია.
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული დიფერენციების შემოღება. ეს ცვლილება კარგია საქართველოში ავტოპარკის განახლებისთვის. გადაიტვირთა ქვეყანა და ის პოლიტიკა, რასაც სამინისტრო ატარებს, იგივე მარჯვენასაჭიანი მანქანების შეზღუდვა, აუცილებელია”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.