დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული სამეზობლო ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტი და ფუნდამენტური ინტერესია, - ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვის დასკვნაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში სამეზობლოს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური სტაბილურობა ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი იქნება.
საბჭო ადასტურებს, რომ 2016 წელს პარტნიორებთან ურთიერთქმედების ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს, რომელიც პარტნიორობის ახალ პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
"საბჭო პარტნიორებს მოუწოდებს სათანადო მართვის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ეფექტურ უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილურობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
საბჭო ასევე ხაზს უსვამს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნავს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ქმედებების აქტივიზირების საჭიროებას.
"ასოცირების შესახებ შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულების სრული და ეფექტური იმპლემენტაცია - საკვანძო პირორიტეტია", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, კონფლიქტების მოგვარების მიზნით და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საბჭო მხარს უჭერს პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას.