ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ.
როგორც თბილისის პროკურატურასთან ერთ-ერთი მსჯავრდებულის გიორგი ცააძის დამ ირინა ცააძემ განაცხადა, საქმე ეხება ირმა ჭკადუას სატელევიზიო განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულების მკვლელობა იგეგმებოდა.
"ჭკადუამ თქვა, რომ იურა ვაზაგაშვილი იმ შემთხვევაში მოიკლავდა თავს თუ მოკლავდა მისი შვილის მკვლელებს და მისი შვილის მკვლელებში კი მოიხსენიებოდა, სავარაუდოდ, ჩემი ძმა და მისი მეგობრები. ჩვენ გვაინტერესებს თუ ჭკადუამ იცოდა ეს ყველაფერი, რატომ არ მოვიდა და რატომ არ შეატყობინა პროკურატურას. აქეთ გვაბრალებენ მკვლელობას და თურმე ჩვენს მოკვლას გეგმავდნენ. ამაზე გვაინტერესებს ყველაფერი გავიგოთ", - განაცხადა ირინა ცააძემ, რომელიც პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.