გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.
როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.
გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.
"ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე.წ. კოკაინის საქმემდე მიდის.
რაც შეეხება "კოკაინის საქმეს" – შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით...
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა.
ერთ-ერთი ვერსიით, ბოჭორიშვილი აღნიშნული თხოვნით დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ მანანა კობახიძე ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი გახლდათ. თუმცა წყაროს ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანასტასია ზაუტაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან ამოღება მოითხოვა და თავისიც გაიტანა. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზეწოლა. წყაროს მტკიცებით, ანასტასია ზაუტაშვილის განცხადება შეწყალების კომისიაში განსახილველად ჯერ კიდევ 2014 წლის ივლისში შევიდა, თუმცა საქმე შეწყალების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, რაც დანაშაულში მონაწილე პირების მიერ სასჯელის ნახევრის მოხდას გულისხმობს. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილის საქმის არსებით განხილვაზე კომისიამ უარი განაცხადა. კომისიისგან უარი მიიღო ამ საქმეში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა, რომან მუსემიანმა.
ჩვენი წყაროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია", - წერს "კვირის პალიტრა".
გამოცემამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კომენტარი ორივე დეპუტატს სთხოვა.
"ჭორის დონეზე ვერ ვისაუბრებ. დაველოდები გამოძიებას, მანამდე კომენტარს არ გავაკეთებ. დაველოდოთ რას იტყვის ელისაშვილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება მანანა კობახიძეს, მან დაადასტურა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას ნამდვილად ითხოვდა.
"მე ვიყავი .წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი...
ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული", - განაცხადა კობახიძემ.