საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა. როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კვირას ჩატარებულ რეგიონული არჩევნების მეორე ტურში "რესპუბლიკელებმა" არჩევნებში მონაწილეთა ხმების 40,63% მოიპოვეს. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტურ პარტიას 29,14%-მა, მარინ ლე პენის "ნაციონალურ ფრონტს" კი 27,36%-მა დაუჭირა მხარი.
"რესპუბლიკელებმა" საფრანგეთის 13-დან 7-ში, სოციალისტურმა პარტიამ კი 5 რეგიონში გაიმარჯვა.
მარინ ლე პენმა დამარცხება უკვე აღიარა და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, "ნაციონალურმა ფრონტმა" რეგიონულ პარლამენტებში პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობა სამჯერ გაზარდა. "ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს", - განაცხადა მან.
რეგიონული არჩევნების პირველ ტურში ლე პენის პარტია ლიდერობდა.