"ჩინეთის პრემიერმა დამიდასტურა, რომ მათი ნებაა, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მიეცეს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება იწყება.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები  ოფიციალურად გუშინ დაიწყო.

"მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით ჩინეთში, სადაც შეხვედრა შედგა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება იწყება. სწორედ ამ საკითხზე იყო ჩასული დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში და გუშინ, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დავიწყეთ. მე ამ საკითხის მნიშვნელობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო. ჩვენ გასულ წელს ევროპის ბაზარი გავხსენით, ეს არის 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რომელიც საუკეთესოდ არის მიჩნეული. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის მეტი ჩართულობაა საჭირო. მეორე საკითხი - ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან, რუსეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ახლა ვუერთდებით ჩინეთს. ჩინეთის ბაზარი, ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, ქართველმა მეწარმეებმა გაიტანონ აბსოლუტურად ნულოვანი დაბეგვრით, ნებისმიერი სახის პროდუქცია. ჩინეთის პრემიერმა დამიდასტურა, რომ მათი ნებაა, საქართველოს მიეცეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ჩვენ ვიქნებით მთელს ევროპაში მესამე ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება. იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტის მნიშვნელობა, ყველას კარგად ესმის. პირველ რიგში, მინდა ქართველ მეწარმეებს მივმართო, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ. ჩვენ პრაქტიკულად უნიკალურ ცენტრს შევქმნით საქართველოში, ეს იქნება ბუნებრივი დამაკავშირებელი ევროპის და აზიის. სწორედ ამის მატერიალიზება ხდება ახლა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.