პროკურატურაში ზვიად ქორიძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

პროკურატურაში ზვიად ქორიძის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის დაკითხვა პროკურატურაში დღეს გაგრძელდება. 
როგორც ქორიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზეა დაბარებული.
"როგორც იცით, 9 დეკემბერს პროკურატურაში უკვე ვიმყოფებოდი, თუმცა საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ჩემი დაკითხვა 22:00 საათზე შეწყდა. ამიტომ ის დღეს გაგრძელდება. სათქმელი რამდენად დამრჩა ვერ გეტყვით. ვფიქრობ, კითხვები ექნებათ და მზად ვარ პასუხი გავცე", - განაცხადა ქორიძემ.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. 
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში თავად ალეკო ელისაშვილიც დაკითხეს.