საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციულ აქტად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა.
"2015 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:48 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს.
2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას.
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები", - ნათქვამია განცხადებაში.