ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

სამუშაო ჯგუფს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელსაც დაევალება გამოავლინოს ის ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც არსებობს საქართველოში ჩინელი ტურისტების ჩამოყვანის მიმართულებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ძინ ტაომ პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და აღნიშნულ დოკუმენტში დასმული ამოცანების შესახებ.

სტრატეგიის თანახმად, საქართველოში 2025 წლისათვის 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი უნდა შემოვიდეს და ამ რიცხვში მნიშვნელოვანი წილი ჩინეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა შეადგინონ.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის თაობაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდა ჩინეთის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. მათთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.