ენერგეტიკის სექტორი ყველაზე მზარდი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასწორმა პოლიტიკამ მას მიმზიდველობა დაუკარგა

ენერგეტიკის სექტორი ყველაზე მზარდი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასწორმა პოლიტიკამ მას მიმზიდველობა დაუკარგა

ინვესტიციების კუთხით ენერგეტიკის სექტორი ყველაზე მზარდი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასწორმა პოლიტიკამ მას მიმზიდველობა დაუკარგა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსს" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იმ მონაცემების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით შემცირდა.

რომან გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა საქსტატის მიერ 2014 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ მონაცემების კორექტირებაზე და აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საზოგადოებასთან არ აქვს კომუნიკაცია, რათა ასეთი მეთოდოლოგიური ცვლილებები ახსნას.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნივნელოვნად არის შემცირებული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შარშან, რატომღაც ძალიან დაგვიანებით მოახდინა 2014 წლის ინვესტიციების მაჩვენებლების რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით კორექტირება. ამის შედეგად 2014 წლის მე-3 კვარტალში ინვესტიციების ოდენობამ 726 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც უცხოური ინვესტიციების თითქმის ერთი წლის მოცულობის ტოლფასია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეს ყველაფერი ახალი მეთოდიკით ახსნა, თუმცა ბოლომდე არ განუმარტავს, თუ რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბის კორექტირება", - განაცხადა გოცრიძემ.

მისივე თქმით, 2015 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა არის 489 მილიონი აშშ დოლარი, რაც მნიშვნელოვანად ნაკლებია 2014 წლის 726 მილიონ დოლართან შედარებით, "მაგრამ 2015 წლის მესამე კვარტალის ეს მაჩვენებელი თავისთავად ცუდი არ არის". 

რაც შეეხება ინვესტიციების კლების მიზეზებს, რომან გოცირიძის თქმით, ეს გამოწვეულია გარკვეული სექტორების მიმზიდველობის დაკარგვით, ასევე ლარის დევალვაციით, ასევე იმით, თუ რაც ხდებოდა ენერგეტიკაში. 

"ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ენერგეტიკაში ინვესტიციების კუთხით. ეს ყველაზე მზარდი სექტორი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასწორმა სატარიფო პოლიტიკამ და კომპანიების თითქმის თვითღირებულების ზღვარზე მუშაობამ, ამ სფეროს მიმზიდველობა დაუკარგა. ეს არ არის ამ კლების მთავარი მიზეზი, თუმცა ერთ-ერთ მაგალითია", - განაცხადა გოცირიძემ.

მისვე თქმით, ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის და მომავალი ორი წლის განმავლობაში იქნება "შაჰდენიზ 2"-ის ფარგლებში გაზსადენის ახალი მონაკვეთის დამატება და საქაჩი სადგურების მშენებლობა, თუმცა "აქედან უდიდესი ნაწილი იქნება შემოტანილი მილებისა და მოწყობილობების ღირებულება, რაც უშუალოდ ადგილზე ფინანსურს დანახარჯებში არ იქნება გამივლენილი".

"მიუხედავად ამისა, იგი დასაქმებასა და ადგილობრივი მომსახურე კომპანიების შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გოცირიძემ. 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 33 %-ით შემცირდა.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 17 %-ით ნაკლებია.