"გაზპრომი" საქართველოს გატარებული გაზის 10%-ის ფულად ანაზღაურებას სთავაზობს

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" შეთანხმება ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის მიღწეული.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე, რომელიც ლუქსენბურგში გაიმართა, ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

"გაზპრომის" მხრიდან ასევე იყო საკითხი, რომ ის 10% მოცულობა გატარების, რომელსაც საქართველო იღებს, ეს ყოფილიყო თანხობრივად ანაზღაურებული. ამაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ჩვენ მაქსიმალური სარგებელი უნდა მივიღოთ იმ მოცულობებისა, რომელიც საქართველოს გავლით, სომხეთის მიმართულებით მიდის. ალბათ რამდენიმე შეხვედრა იქნება კიდევ, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საერთო იდეებზე. დეკემბრის ბოლოსთვის ჩვენ ვფიქრობთ რომ საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერს შორის მორიგი შეხვედრა 8 დეკემბერს ლუქსემბურგში გაიმართა.