"ისლამური სახელმწიფო" ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ავღანეთში გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" საკუთარი სამხედრო წარმატებების დემონსტრირების მიზნით ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ავღანეთში გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთი მოწოდებით გამოდის სერიოზულად მოეკიდონ ტერორისტული საფრთხის გავრცელების შესაძლებლობას ავღანეთიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

"როდესაც რუსეთმა სირიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ამოძირკვა დაიწყო, ტერორისტულ ორგანიზაციას, როგორც ჩანს, ჰგონია, ავღანეთზე ნაწილობრივ გადამისამართებით და მეორე ფრონტის გახსნით შეძლებს დარჩეს კვლავინდებურად ეფექტურ სამხედრო სტრუქტურად", - განაცხადა მარია ზახაროვამ.