ეკონომიკის მინისტრმა ჩინურ მხარესთან ურთიერთგანზრახვის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
ხელმოწერის ცერემონია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაიმართა, სადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე მხარე მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მოლაპარაკებები, რათა კერძო სექტორს მიეცეს ბიზნესისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ 800 მილიონიან ბაზარზე გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები, ხოლო ჩინეთთან ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის შემდეგ ეს უკვე იქნება სადღაც ორი მილიარდ ორასი მილიონის მოსახლეობაზე წვდომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ტრადიციული დარგებიც კიდევ უფრო უკეთესად განვითარდება. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი აქცენტები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ასევე აგრარულ პროდუქტებთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, რომ მოლაპარაკებების ბოლოს ქართულ ღვინოს ექნება ძალიან პრეფერენციული რეჟიმი ჩინეთში შემოსვლისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აბრეშუმის გზის ფონდში. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვედრებს გამართავს ჩინეთის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.