დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით იურიდიულ კომიტეტს გარკვეული შენიშვნები აქვს.
როგორც კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ იურიდიული კომიტეტის შენიშვნები გათვალისწინებული არ იქნება, ფრაქცია ,,რესპუბლიკელები" მას მხარს არ დაუჭერს.
,,მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით იურიდიულმა კომიტეტმა უკვე წარმოადგინა შენიშვნები. მე, "რესპუბლიკელების" სახელით განვაცხადე, რომ თუ ეს შენიშვნები არ იქნება გაზიარებული ინიციატორის მიერ, ფრაქცია ,,რესპუბლიკელები" ამ ინიციატივას არ დაუჭერს მხარს. სესიაზე ველოდებით ინიციატორის მიერ, რამდენად გაითვალისწინებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნებს. ვფიქრობ, რომ ეს შენიშვნები არის გონივრული”, - განაცხადა კორძაიამ.
მისივე განმარტებით, შენიშვნა ძირითადად შეეხება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების დროს მოწმის პასუხისმგებლობის საკითხს.
”ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ თუ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების არსებობის შემთხვევაში მოწმე დაიკითხა დაცვის მხარის დაუსწრებლად, დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. პრინციპული თემებია, რომლებმაც წესით უნდა გააუმჯობესოს სისხლის სამართლის კოდექსი, ხელი შეუწყოს შეჯიბრითობის პრინციპს სისხლის სამართლის წარმოებისას. ვფიქრობთ, რომ სტანდარტი მოწმის დაკითხვისას საკმაოდ დაბალია და ეს სტანდარტი უნდა აიწიოს", - აღნიშნა მან.
დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით, მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის თაობაზე ინიცირებული პროექტს განიხილავს.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტით მოწმის დაკითხვის სქემა ასეთია: მოწმის გამოკითხვა გამომძიებლის მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ თუ ის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს და თუ გამომძიებელს, პროკურორს მიაჩნია, რომ მოწმე დანაშაულის გახსნისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ პროკურორს უფლება ექნება სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, მოწმე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. ასეთ შემთხვევაში მოწმე ვალდებულია, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდეს.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ის ძველი წესი ნარჩუნდება, რომელიც ჩვენების მისაცემად მოწმის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითვალისწინებს. 2017 წლის 31 დეკემბრამდე ასეთი წესით მოწმეებს ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკითხავენ, რომელიც ეხება: - განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში, თვითმკვლელობამდე მიყვანას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, შეთქმულებას ან ამბოხს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებს და სხვა.
პროექტის ავტორები არიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.