ყაზახეთი ბათუმის ტერმინალსა და „რომპეტროლს“ ყიდის

ყაზახეთი ბათუმის ტერმინალსა და „რომპეტროლს“ ყიდის

ყაზახეთის კუთვნილი ბათუმის ნავთობტერმინალი იყიდება. ამის შესახებ ყაზახეთის მთავრობის სხდომაზე „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მმართველობის თავმჯდომარემ უმირზაკ შუკეევმა განაცხადა. მისი თქმით, „ყაზტრანსოილი“ გეგმავს ისეთი აქტივების პრივატიზებას, როგორიცაა „ყაზმორტრანსფლოტი“ და ბათუმის ტერმინალი. 

მისი ინფორმაციით, იგეგმება „ყაზტრანსგაზისა“ და ყაზტრანსოილის ყველა არაპროფილური აქტივის გასაყიდად გამოტანა.  

ბათუმის ნავთობტერმინალის ოპერატორია კომპანია არის Batumi Industrial Holdings Limited–ი. 

„ყაზმუნაიგაზის“ შვილობილმა კომპანიამ „ყაზტრანსოილმა“ Batumi Industrial Holdings Limited–ის აქციების 100% 2008 წლის თებერვალში შეიძინა. BIHL ფლობს ბათუმის პორტის მართვის ექსკლუზიურ უფლებას 49 წლით. 

შუკეევმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება Rompetrol–ის საკონტროლო პაკეტის პრივატიზება და ამ ეტაპზე პოტენციური ინვესტორების ძიება მიმდინარეობს. Rompetrol–ი ჯგუფ KMG International N.V.–ის სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს და მისი აქციების 100% ყაზახეთის ნაციონალურ ნავთობკომპანია “ყაზმუნაიგაზს“ ეკუთვნის.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ „ყაზტრანსოილმა“ საკუთარი შვილობილი კომპანიის Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც  ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელია. 

მიმდინარე წლის მარტში ყაზტრანსოილმა ბათუმის ტერმინალის აქტივებზე ყადაღის დადების შესახებ განაცხადა. 

აღნიშნული ქმედება ბათუმის ნავთობტერმინალის კლიენტების სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. დავის საგანს წარმოადგენდა ნავთობტერმინალის დომინანტური მდგომარეობა ნავთობისა და ნავთობრპოდუქტების გადატვირთვის სფეროში. დავის საგანი იყო ასევე ამ სერვისებზე ტარიფების წარმოქმნის საკითხები. 

უცხოური კომპანიები,VIBRO DIAGNOSTIC-ი და ლიბრა თრეიდინგი FZC ბათუმის ნავთობტერმინალისგან ჯამში 62 000 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. სწორედ ეს კომპანიები ახორციელებენ ნავთობპროდუქციის ექსპორტს საქართველოში, სამთავრობო სტრუქტურებისთვის, კერძო სექტორისთვის და მეზობელ ქვეყნებში.

ითქვა, რომ ტვირთბრუნვის შემცირება და არსებული პრობლემები იმის გამო შეიქმნა, რომ პორტის ხელმძღვანელობა გადამზიდავ კომპანიებს დამატებითი თანხის "დადებას" აიძულებს, ბერკეტად კი ბიუროკრატიული და არასამართლიანი შეფერხების მექანიზმები გააჩნიათ.

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ყაზახური კომპანიის „ყაზტრანსოილის“ ბათუმის აქტივებს ყადაღა მოეხსნა. 

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში პრობლემები აქვს ყაზახეთის კიდევ ერთ კომპანიას „ყაზტრანსგაზ თბილისს,“ რომელსაც მისი ყაზახი მფლობელი „ყაზტრანსგაზი“ წლებია ვერ იბრუნებს. 

რამდენიმე კვირის წინ ყაზახურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზმა" საქართველოს შესაძლოა ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. როგორც კომპანიაში მიაჩნიათ, 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა "ყაზტრანსგაზის" როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობენ.

ამ ფონზე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე არანაირ ყაზახური ინვესტიციის დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა. ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა მაშინ განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაახლეს ინფორმაცია, რაც ჰქონდათ. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ ყაზახური ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად მხარს დაუჭერენ ყაზახური ინვესტიციების შემოსვლას. ქუმსიშვილის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოოდ დაამუშავებს ყაზახურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ყველა ახალ შესაძლებლობას. ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა უნდა იყოს ყაზახური ინვესტიციების დაცვის შესაძლებლობა.