ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანთა სიხარბეა.
"სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და "ქართული ოცნების" აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. (თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდლარი იქნება).
როგორც ვხედავთ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50ლარით გაიზარდოს.
"გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა,"- ესაა ჩვენი პასუხი "ქართული ოცნების" კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50ლარით", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
დღესვე ლევან თარხნიშვილმა წარმოადგენა საქართველოს 8 რაიონის მონაცემები, სადაც მისი თქმით, აღნიშნულია, თუ როგორაა გაზრდილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მთავრობის წევრთა ნათესავებისა და "ქართული ოცნების" აქტივისტების რაოდენობა.
"ეს რაიონებია - დუშეთის, ვანის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თითოეულ ამ რაიონში შეადარა მუნიციპალური საწარმოებისა და აიპების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა და მათ ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლის და დღევანდელი მონაცემებით. სურათი კატასტროფულია: შესწავლილ 8 მუნიციპალიტეტში ააიპების რაოდენობა 65 ერთეულიდან გაიზარდა 96 ერთეულამდე; ააიპებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 2,938 ერთეულიდან გაიზარდა 4,483 ერთეულამდე;) ხოლო შრომის ანაზღაურება (ხელფასები და პრემიები) 7,233,073-დან 14,779,898 ლარამდე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბოუროკრატიისა ზრდისა და მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე მიმართოს", - განაცხადა თარხნიშვილმა.
თარხნიშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.